
დოქტორ ნოდარი გიორგაძე დაიბადა ქალაქ თბილისში, საქართველოში 1952 წელს. იგი დაქორწინებულია, ჰყავს ორი ქალიშვილი, ხუთი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი. 2003 წლიდან არის სლოვაკეთის რესპუბლიკის მოქალაქე. 2012 წელს მას მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქეობა, ხოლო 2013 წლიდან არის ბეშენოვას (სლოვაკეთის) საპატიო მოქალაქე. 2022 წელს დოქტორ ნოდარი გიორგაძე საქართველოს მთავრობამ სახალხო დიპლომატიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დააჯილდოვა. ბიზნეს საქმიანობის გარდა, იგი ასევე აქტიურად მონაწილეობს ხალხის დასახმარებლად და იღებს მონაწილეობას საქველმოქმედო საქმიანობაში. მან დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი და შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. დოქტორანტურა დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო სამართლისა და ეკონომიკის აკადემიაში. ორი წელი მსახურობდა ავღანეთში. ასევე მუშაობდა თბილისში საბურთალოს მილიციის უფროსად.
1991-1993 წლებში იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოს პარლამენტის წევრი და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მთავარი სამხედრო პოლიტიკური მრჩეველი. მოგვიანებით იგი იყო ისტორიულად პირველი საქართველოს ელჩი საზღვარგარეთ და საქართველოს „Chargé d'Affaires„ ავსტრიაში (1993 წლის მაისიდან, ვენაში). როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი, წარმოადგენდა საქართველოს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში და ასევე იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროს ევროპულ სტრუქტურებში, ვენაში (VIC). რამოდენიმე წელი გახლდათ ომის ვეტერანთა მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დელეგატი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში (სათავსო ოფისი პარიზში).
დოქტორ ნოდარი გიორგაძე 2016 წლიდან არის საქართველოს საპატიო კონსული სლოვაკეთის რესპუბლიკაში.